Wednesday, December 26, 2012

დიდი ტვინი ჰემისფეროები


   დიდი ტვინი ორი სიმეტრიული ჰემისფეროსგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს დიდი თეთრი შესართავით - კორძიანი სხეულით უკავშირდება. ჰემისფეროები ღარებით ხვეულებად და წილებად არის დაყოფილი. მათ შორის მთავარია შუბლის, თხემის, საფეთქლისა და კეფის წილები. ჰემისფეროების საერთო ფართობი 220 000 მმ2-ია.
    ჰემისფეროების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ქერქია - რამდენიმე შრედ განლაგებული 14 მილიარდამდე ნეირონის შემცველი 1-5 მმ სისქის რუხი ნივთიერება, რომელიც ცნს-ის უმაღლესი და ყველაზე განვითარებული განყოფილებაა. მის გარეშე წარმოუდგენელია ცნს-ის კოორდინაცია, რომელსაც იგი ქერქქვეშა ნერვული ცენტრების საშუალებით ახორციელებს. ქერქზე განირჩევა მეტად მნიშვნელოვანი წინა და უკანა ცენტრალური ხვეულები. წინა ცენტრალური ხვეული ქერქის მოტორული ანუ მამოძრავებელი ზონაა, სხეულის საყრდენ-მამოძრავებელ ფუნქციებს განაგებს, უკანა ცენტრალური ხვეული კი სენსორული ანუ მგრძნობელობითი ზონაა და არეგულირებს კანისა და ძვალკუნთოვანი სისტემის მგრძნობელობას, მის რეაქციებს ტემპერატურაზე, ტკივილზე, შეხებასა და ნებისმიერ გარეგან გამღიზიანებელზე. წინა და უკანა ცენტრალურ ხვეულებში ადამიანი თავდაყირაა პროეცირებული - ქვედა კიდურებისა და სხეულის ქვედა ნაწილების ცენტრები ხვეულთა ზედა ბოლოშია ლოკალიზებული, თავისა და ზედა კიდურებისა კი ქვედა ბოლოში.





No comments:

Post a Comment