Wednesday, December 26, 2012
ტვინის ღერო
ტვინის ღერო ანატომიურ-ფუნქციურად ზურგის ტვინს, ნათხემს და დიდ ჰემისფეროებს უკავშირდება. მისი ნაწილებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია მოგრძო ტვინი - თავის ტვინის ზურგის ტვინთან დამაკავშირებელი რგოლი. იგი აგებულებით და ფუნქციებით ძლიერ ჰგავს ზურგის ტვინს, თუმცა თავის ტვინის დამახასიათებელი ნიშნებიც აქვს. მოგრძო ტვინში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების: სისხლის მიმოქცევის, სუნთქვისა და საჭმლის მონელების მარეგულირებელი ცენტრები მდებარეობს. მათი მცირე დაზიანებაც კი შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. მოგრძო ტვინი იმითაც მნიშვნელოვანია, რომ უხვად შეიცავს ბადისებრ წარმონაქმნს - რეტიკული ფორმაციის უჯრედებს და მათ ცენტრებს. რეტიკული ფორმაცია ნერვული სისტემის მოქმედების დოზიმეტრია. თავის ტვინის ქერქი სწორედ მისი წყალობით ინარჩუნებს სიფხიზლეს, მისივე საშუალებით რეგულირდება ცნს-ის ყველა განყოფილებაში აგზნება-შეკავების პროცესები და განისაზღვრება საპასუხო რეფლექსის ძალა. შუა ტვინი - მასშიც მოთავსებულია რეტიკულური ფორმაციის ნეირონები. მისი ცენტრები უამრავ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ: არეგულირებენ მხედველობას, სინათლისმიერი გაღიზიანების, ყლაპვისა და ღეჭვის, კუნთოვანი ტონუსის, პირველადი სმენის რეფლექსებს. იგი უზრუნველყოფს ე.წ. სადარაჯო რეფლექსს - ორგანიზმს ახალი, უეცარი გაღიზიანების საპასუხოდ ამზადებს. შუამდებარე ტვინი ორი ძირითადი ნაწილის - თალამუსისა და ჰიპოთალამუსისაგან შედგება. ამ მიდამოებზე გადის თავის ტვინის ქერქისკენ მიმავალი გზა, ამიტომ მისი დაზიანებისას ორგანიზმს მხედველობასთან, სმენასთან, გემოვნებასა და შეხებასთან დაკავშირებული პრობლემები უჩნდება. თალამუსის ფუნქციათა დარღვევისას ხშირია ძლიერი თავის ტკივილი, ძილისა და მგრძნობელობის დარღვევა, მოძრაობათა სიზუსტის დაკარგვა. ჰიპოთალამუსი უმაღლესი ქერქქვეშა ცენტრია, იგი ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობას არეგულირებს, მას კავშირი აქვს ცნს-ის ყველა განყოფილებასთან და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებთან. მისი ცენტრები არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლას, მათში ფორმირდება შიმშილის, წყურვილისა და დანაყრების გრძნობა, სითბოს გამოყოფის პროცესები, ორგანიზმის ტემპერატურული მუდმივობა და რთული ემოციები.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment