თავის ტვინის სიმსივნეების წილად ყველა სახეობის ახალწარმონაქმნთა 5-8% და ცნს-ის სიმსივნეთა 4-5% მოდის. ისინი ნებისმიერ ასაკში ჩნდება, ახალშობილობიდან ღრმა მოხუცებულობამდე, უპირატესად კი 20-დან 50 წლამდე, ქალებსა და მამაკაცებში - ერთნაირი სიხშირით. სიმსივნის მრავალი კლასიფიკაცია არსებობს. ყველაზე გავრცელებულია ჰისტოგენეზის მიხედვით შემუშავებული დაყოფა, რომელიც სიმსივნური უჯრედების ცნს-ის ელემენტებთან გენეტიკურ დამოკიდებულებას ეფუძნება. ამ კლასიფიკაციით, განასხვავებენ თავის ტვინის ნეიროექტოდერმულ, ღრუბლისებრ-სისხლძარღვოვან და ჰიპოფიზურ სიმსივნეებს. ცალკე ჯგუფს შეადგენს თავის ტვინის მეტასტაზური სიმსივნეები.
Wednesday, December 26, 2012
თავის ტვინის ნერვები
თავის ტვინიდან გამოდის 12 წყვილი ნერვი: I - ყნოსვისა; II - მხედველობისა; III - თვალის მამოძრავებელი; IV - ჭაღისებრი; V - სამწვერა; VI - განმზიდველი; VII - სახისა; VIII - კარიბჭე-ლოკოკინასი; IX - ენა-ხახისა; X - ცდომილი; XI - დამატებითი; XII - ენისქვეშა
თავზურგტვინის სითხე
თავზურგტვინის სითხე ანუ ლიქვორი (120-150 მლ) ტვინის თავისებური შინაგანი გარემოა, რომელიც უზრუნველყოფს მარილოვანი შედგენილობისა და ოსმოსური წნევის მუდმივობას და ტვინს უქმნის ერთგვარ ჰიდრავლიკურ ბალიშს, რითაც საიმედოდ იცავს ნერვულ უჯრედებს მექანიკური დაზიანებისგან. ლიქვორი ტვინის მკვებავია და გამომტანი ფუნქციაც აქვს - მისი საშუალებით ტვინიდან გამოდის და სისხლში გადადის ის ნივთიერებები, რომლებიც ტვინში ნივთიერებათა ცვლის შედეგად წარმოიქმნება.
თავის ტვინის გარსები
თავის ტვინს სამი გარსი ფარავს: მაგარი, ქსელისებრი და რბილი. რბილი გარსი უშუალოდ ეკვრის ტვინის გარეთა ზედაპირს და მის ღარებში ჩადის. მომდევნო ქსელისებრი გარსია, რომელიც არ ჩადის ღარებში და მხოლოდ ტვინის გამოდრეკილ ზედაპირზე ეკვრის რბილ გარსს. ამის გამო რბილ და ქსელისებრ გარსებს შორის რჩება ცარიელი ადგილი - სუბარაქნოიდული სივრცე, რომელიც თავზურგტვინის სითხით არის ამოვსებული. ქსელისებრ და მაგარ გარსებს შორის არსებულ სივრცეს სუბდურულს უწოდებენ, ხოლო მაგარ გარსსა და ქალას შიგნითა ზედაპირს შორის არსებულს - ეპიდურულს.
ნათხემი
ნათხემი სხვადასხვა ფუნქციის მარეგულირებელი მნიშვნელოვანი ცენტრია. ის მონაწილეობს მოძრაობით აქტში, კოორდინაციაში, გარემოში ორიენტაციისა და წონასწორობის შენარჩუნების უნარიც მისი დამსახურებაა.
ტვინის ღერო
ტვინის ღერო ანატომიურ-ფუნქციურად ზურგის ტვინს, ნათხემს და დიდ ჰემისფეროებს უკავშირდება. მისი ნაწილებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია მოგრძო ტვინი - თავის ტვინის ზურგის ტვინთან დამაკავშირებელი რგოლი. იგი აგებულებით და ფუნქციებით ძლიერ ჰგავს ზურგის ტვინს, თუმცა თავის ტვინის დამახასიათებელი ნიშნებიც აქვს. მოგრძო ტვინში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების: სისხლის მიმოქცევის, სუნთქვისა და საჭმლის მონელების მარეგულირებელი ცენტრები მდებარეობს. მათი მცირე დაზიანებაც კი შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. მოგრძო ტვინი იმითაც მნიშვნელოვანია, რომ უხვად შეიცავს ბადისებრ წარმონაქმნს - რეტიკული ფორმაციის უჯრედებს და მათ ცენტრებს. რეტიკული ფორმაცია ნერვული სისტემის მოქმედების დოზიმეტრია. თავის ტვინის ქერქი სწორედ მისი წყალობით ინარჩუნებს სიფხიზლეს, მისივე საშუალებით რეგულირდება ცნს-ის ყველა განყოფილებაში აგზნება-შეკავების პროცესები და განისაზღვრება საპასუხო რეფლექსის ძალა. შუა ტვინი - მასშიც მოთავსებულია რეტიკულური ფორმაციის ნეირონები. მისი ცენტრები უამრავ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ: არეგულირებენ მხედველობას, სინათლისმიერი გაღიზიანების, ყლაპვისა და ღეჭვის, კუნთოვანი ტონუსის, პირველადი სმენის რეფლექსებს. იგი უზრუნველყოფს ე.წ. სადარაჯო რეფლექსს - ორგანიზმს ახალი, უეცარი გაღიზიანების საპასუხოდ ამზადებს. შუამდებარე ტვინი ორი ძირითადი ნაწილის - თალამუსისა და ჰიპოთალამუსისაგან შედგება. ამ მიდამოებზე გადის თავის ტვინის ქერქისკენ მიმავალი გზა, ამიტომ მისი დაზიანებისას ორგანიზმს მხედველობასთან, სმენასთან, გემოვნებასა და შეხებასთან დაკავშირებული პრობლემები უჩნდება. თალამუსის ფუნქციათა დარღვევისას ხშირია ძლიერი თავის ტკივილი, ძილისა და მგრძნობელობის დარღვევა, მოძრაობათა სიზუსტის დაკარგვა. ჰიპოთალამუსი უმაღლესი ქერქქვეშა ცენტრია, იგი ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობას არეგულირებს, მას კავშირი აქვს ცნს-ის ყველა განყოფილებასთან და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებთან. მისი ცენტრები არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლას, მათში ფორმირდება შიმშილის, წყურვილისა და დანაყრების გრძნობა, სითბოს გამოყოფის პროცესები, ორგანიზმის ტემპერატურული მუდმივობა და რთული ემოციები.
დიდი ტვინი ჰემისფეროები
დიდი ტვინი ორი სიმეტრიული ჰემისფეროსგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს დიდი თეთრი შესართავით - კორძიანი სხეულით უკავშირდება. ჰემისფეროები ღარებით ხვეულებად და წილებად არის დაყოფილი. მათ შორის მთავარია შუბლის, თხემის, საფეთქლისა და კეფის წილები. ჰემისფეროების საერთო ფართობი 220 000 მმ2-ია.
ჰემისფეროების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ქერქია - რამდენიმე შრედ განლაგებული 14 მილიარდამდე ნეირონის შემცველი 1-5 მმ სისქის რუხი ნივთიერება, რომელიც ცნს-ის უმაღლესი და ყველაზე განვითარებული განყოფილებაა. მის გარეშე წარმოუდგენელია ცნს-ის კოორდინაცია, რომელსაც იგი ქერქქვეშა ნერვული ცენტრების საშუალებით ახორციელებს. ქერქზე განირჩევა მეტად მნიშვნელოვანი წინა და უკანა ცენტრალური ხვეულები. წინა ცენტრალური ხვეული ქერქის მოტორული ანუ მამოძრავებელი ზონაა, სხეულის საყრდენ-მამოძრავებელ ფუნქციებს განაგებს, უკანა ცენტრალური ხვეული კი სენსორული ანუ მგრძნობელობითი ზონაა და არეგულირებს კანისა და ძვალკუნთოვანი სისტემის მგრძნობელობას, მის რეაქციებს ტემპერატურაზე, ტკივილზე, შეხებასა და ნებისმიერ გარეგან გამღიზიანებელზე. წინა და უკანა ცენტრალურ ხვეულებში ადამიანი თავდაყირაა პროეცირებული - ქვედა კიდურებისა და სხეულის ქვედა ნაწილების ცენტრები ხვეულთა ზედა ბოლოშია ლოკალიზებული, თავისა და ზედა კიდურებისა კი ქვედა ბოლოში.
თავის ტვინის აგებულება
აგებულებისა და ფუნქციური ნიშნების მიხედვით თავის ტვინი სამ ძირითად ნაწილად იყოფა. ესენია: დიდი ტვინი, ტვინის ღერო და პატარა ტვინი ანუ ნათხემი. მათ გარდა ტვინის სტრუქტურაში განირჩევა მოგრძო ტვინი, ვაროლის ხიდი, წინა, შუამდებარე და საბოლოო ტვინი.
შესავალი
თავის ტვინი
ადამიანის თავის ტვინი არის ადამიანის ნერვული სისტემის ცენტრი. მდებარეობს თავის ქალაში. ადამიანის თავის ტვინი და სხვა ძუძუმწოვრის ტვინი რაიმე ძირეულით არ განსხვავდება, მაგრამ არის სამჯერ დიდი, ვიდრე სხეულით იმავე ზომის სხვა ძუძუმწოვარზე.
Subscribe to:
Posts (Atom)